2024-10-17 |
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული პოლიკლინიკების რეფორმირება დაიწყო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე პოლიკლინიკების რეფორმირების საკითხი წარადგინა, რის საფუძველზეც მინისტრის ინიციატივით სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში არსებულ “დიომედი აფხაზეთი”-ს პოლიკლინიკებში ჯვარის, ზუგდიდისა და ხობის ფილიალში სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
“სამინისტრომ დაიწყო მუშაობა მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიკლინიკების რეფორმირების საკითხზე. პირველ რიგში ჩვენი მიზანია ძირეულად შევისწავლოთ პოლიკლინიკებში არსებული სიტუაცია და ერთობლივად ვიზრუნოთ თითოეული პრობლემის და საჭიროების გადაჭრაზე. სამუშაო ვიზიტები გაგრძელდება და ეტაპობრივად ყველა პოლიკლინიკაში არსებულ ვითარებას გავეცნობით”- განაცხადა ლაშა ქარდავამ.
“დიომედი აფხაზეთი”-ს პოლიკლინიკების დირექტორმა ნინო დოხნაძემ სამუშაო ჯგუფთან და მინისტრის პირველ მოადგილე მერაბ მარაქველიძესთან ერთად მოისმინა პრობლემური საკითხები და საჭიროებები, ასევე პოლიკლინიკების წარმომადგენლებს გააცნო რეფორმირებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები.