2024-11-21 |
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში აფხაზი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის თანამშრომლობით, სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში "აფხაზი მხატვრების 1970-1980-იანი წლების საკურსო და სადიპლომო ნამუშევრების“ გამოფენა გაიხსნა.
გამოფენა მოეწყო იმ მხატვრებისადმი სოლიდარობის ნიშნად, რომელთა ნამუშევრები სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო სივრცეში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ, სამხატვრო აკადემიის რექტორმა ყარამან ქუთათელაძემ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, მხატვარმა ნუგზარ მგალობლიშვილმა, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ, მუზეუმის ხელმძღვანელმა ლანა ქარაიამ და გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
როგორც დავით მორგოშიამ განაცხადა, ხელოვნება სამშვიდობო პოლიტიკის და სახალხო დიპლომატიის განუყოფელი ნაწილია და წარმოდგენილ გამოფენას ამ მხრივ განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
სამხატვრო აკადემიის მუზეუმის კოლექციებში დაცული ნამუშევრები გამოსაფენად აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით მოწესრიგდა. დაგეგმილია პროექტის გაგრძელება და აკადემიის მუზეუმის ფონდში არსებული აფხაზი მხატვრების სხვა ნამუშევრების მოწესრიგება და კატალოგის სახით გამოცემა.
გამოფენის გახსნას სამხატვრო აკადემიისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.