დავით ფაცაციამ ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სამუშაოებისთვის საჭირო ინსტრუმენტები და ხელსაწყოები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად, ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აფხაზეთის მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, ასევე ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე.

სწორედ, მსგავს შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, „სოციალური სოლიდარობის“ პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ შეძენილ იქნა სხვადასხვა სახის სამუშაოებისთვის საჭირო ინსტრუმენტები და ხელსაწყოები, რომლებიც მოქალაქეებს დავით ფაცაციამ პირადად გადასცა.

„ვცდილობთ თითოეული აფხაზეთელის საჭიროება, რომელსაც ჩვენთან შეხვედრისას აჟღერებენ დროულად მოვაგვაროთ და კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მათთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად არაერთი პროექტი უკვე განვახორციელეთ, ბევრი კრიტიკული საკითხის მოგვარება შევძელით და ვაგრძელებთ მუშაობას.

აფხაზეთის მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციისას ყველაზე კარგად ჩანს ჩვენი მუშაობის შედეგი, მათ მადლიერებასა და ჩვენდამი დამოკიდებულებაში. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უფრო აქტიურად შევძლოთ მათი მხარდაჭერა და მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა გამოიტანს მნიშვნელოვან შედეგებს.“ - დავით ფაცაცია