აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილთან ერთად წყნეთში აფხაზეთიდან დროებით დევნილი ახალგაზრდებისთვის განახლებული ქორეოგრაფიული დარბაზის გახსნას დაესწრო.
მოწვეულ სტუმრებს ცეკვის ანსამბლმა "ხალისი" საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინა.
ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მოცეკვავეებს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დროებით დევნილ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.
"მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად ვზეიმობთ ამ შემოქმედებითი სივრცის განახლებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნიჭიერი ადამიანების განვითარებას და მჯერა, რომ ეს ადგილი, აფხაზეთიდან დროებით დევნილ და სხვა მრავალ ახალგაზრდას, მისცემს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და საკუთარი უნარების გაღრმავების საშუალებას. ვუსურვებ მათ წინსვლას, წარმატებებსა და დიდ მიღწევებს კარიერაში!“ – განაცხადა ბექა ღვაჩლიანმა.