აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით გიორგი ძიგუას მოუსმინეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრს გიორგი ძიგუას მოუსმინეს.
 
სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
 
მინისტრმა დეპუტატების შეკითხვას უპასუხა და სამინისტროს მიერ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.
 
მოხსენებაზე გიორგი ძიგუამ ყურადღება გაამახვილა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ რთულ ვითარებაზე, მათ შორის, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მძიმე სოციალური მდგომარეობასა და უსაფრთხოების საკითხებზე.
 
ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირთა გაზრდილ მომართვიანობას, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო ახორციელებს პროექტს საზღვარგარეთ მცხოვრები აფხაზეთის მკვიდრების და მათი შთამომავლებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებელი ტესტირებისთვის მომზადების ხელშესაწყობად.
 
სხდომას უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ ჯალაღონია, მოადგილე თემურ გასვიანი და იუსტიციის დეპარტამენტის უფროსი მაია შამუგია ესწრებოდნენ.