2025-07-01 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო
გიორგი ძიგუა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი გიორგი ძიგუა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
პროექტის ფარგლებში განიხილეს ბავშვთა უფლებების მნიშვნელობა და ის ძირითადი გამოწვევები, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს. მონაწილეებმა წარადგინეს თემატური პრეზენტაციები, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მათი ცნობიერების ამაღლებას. პარალელურად, აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოზარდები აქტიურად ჩაერთნენ როგორც საგანმანათლებლო, ისე გასართობ აქტივობებში.
პროექტის მიზანია დროებით დევნილი ახალგაზრდების ინფორმირებულობის ზრდა ბავშვთა უფლებების შესახებ, რაც უზრუნველყოფს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას და გააუმჯობესებს მათი უფლებრივი მდგომარეობის დაცვას.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე თემურ გასვიანი, სამინისტროს წარმომადგენლები, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალიზებული საქმეთა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ლალი ეუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სოხაძე და საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი ია ჩხეიძე.