ბექა ღვაჩლიანმა წარმატებული მსახიობები დააჯილდოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვან მსახიობს მერაბ ყოლბაიას და სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობს კახაბერ ჯოხაძეს შეხვდა და წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

მსგავსი შეხვედრები მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების როლის შესახებ, მათი შემოქმედების დაფასებას და მხარდაჭერას. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, თაობათა შორის გამოცდილების გადაცემას და საზოგადოებაში კულტურული ღირებულებების გაძლიერებას.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანეტა კიტია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახურის უფროსი კახა ძაძამია ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ მერაბ ყოლბაია წარმოშობით აფხაზეთიდანაა. მსახიობი 1985 წლიდან კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრში მოღვაწეობს. მსახიობის რეჟისორულ ნამუშევართა შორისაა სპექტაკლები: „სხვა საქართველო სად არის?!“, „ორეული“ და „ვაჟიშვილი“, ხოლო „იქ, ჩვენთან“ მისი მეოთხე სპექტაკლია, რომელიც სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგა.

კახაბერ ჯოხაძემ თეატრალური მოღვაწეობა 2003 წელს დაიწყო და მას შემდეგ არაერთ თეატრთან უთანამშრომლია და ტელეპროექტებში მონაწილეობა მიუღია, მათ შორის ერთ-ერთი ცნობილი სერიალ – "შუა ქალაქში“. 2018 წლიდან დღემდე მსახიობი სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის წევრია.