გიორგი ჯინჭარაძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

როგორც მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის სწორი, თანმიმდევრული და სამშვიდობო პოლიტიკით საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი.

"დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში უმძიმესი დღე არის, მინდა, პატივი მივაგო გმირების ხსოვნას, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის გამო თავი გაწირეს, ქედს ვიხრი მათ წინაშე. ის იდეა, რისთვისაც ეს ადამიანები დაიღუპნენ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობის სწორი, მიზანმიმართული, თანმიმდევრული, სამშვიდობო პოლიტიკით აუცილებლად იქნება აღსრულებული და საქართველო იქნება ერთიანი. აფხაზეთის მთავრობა სამშვიდობო ინიციატივების კუთხით აქტიურად გააგრძელებს მუშაობას. დიდება გმირებს, დიდება მათ ხსოვნას", - განაცხადა ჯინჭარაძემ.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი, 26 000 კი დევნილად იქცა.