2026-01-23 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის საინფორმაციო კამპანია დაიწყო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის საინფორმაციო კამპანია დაიწყო.
დევნილებისთვის განკუთვნილი პორტალის პირველი პრეზენტაცია ქალაქ ზუგდიდში ჩატარდა.
პრეზენტაციაზე სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა გამოვიდნენ, რომლებმაც პორტალის ძირითად შესაძლებლობებსა და გამოყენების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
portal.abkhazia.gov.ge აფხაზეთის ა. რ. მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ა. რ. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ შეიქმნა . ელექტრონული პორტალის შექმნის მიზანი დევნილ მოსახლეობასა და აფხაზეთის მთავრობას შორის კომუნიკაციის გამარტივებაა.
პორტალის საშუალებით დევნილ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, ერთ სივრცეში მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ჯანდაცვის, განათლების, სოციალური მომსახურების, ეკონომიკის, ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით არსებულ ყველა პროგრამასა და სერვისზე.
ზუგდიდში პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დევნილი მოსახლეობისთვის შექმნილი აფხაზეთის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის საინფორმაციო კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.










