აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის გახსნასა და პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი ძაძამიამ სიტყვით გამოსვლისას ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ახალი იდეების ჩამოყალიბებასა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებაში.
ფორუმის გახსნასა და პლენარული სხდომის მუშაობაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრის მოადგილე სალომე კაპანაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიკოსი ლადო პაპავა და სამეცნიერო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და სხვადასხვა აკადემიური ინსტიტუციის წარმომადგენლებს აერთიანებდა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა დარგის მეცნიერებმა მოხსენებები წარადგინეს და ისტორიის, ფილოლოგიის, განათლების, თანამედროვე ტექნოლოგიების, სამართლის, ბიზნესისა და სხვა აქტუალურ სამეცნიერო საკითხებზე იმსჯელეს.
ღონისძიებას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, საქართველოსა და უცხოეთის პარტნიორი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ფორუმის მიზანი იყო მეცნიერებისა და განათლების სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევებისა და აქტუალური საკითხების განხილვა, სამეცნიერო გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება და ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობა.






