აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით, კონკურსის „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი 300-მდე ნამუშევრიდან ჟიურიმ 10 საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა, მათ შორის გამარჯვებული სამეული და სპეციალური ნომინაციების მფლობელები. მათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარდგა, რომელმაც გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა, აფხაზეთის თემაზე სხვადასხვა კონკურსების ჩატარების აუცილებლობაზე და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ.

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ორი ნამუშევარი შეირჩა და შევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში მომზადებულ ქართული ენის შემსწავლელ სახელმძღვანელოში, რომელიც ემიგრანტი მოზარდებისთვისაა განკუთვნილი.

კონკურსში მონაწილეობა 10-17 წლის მოზარდებმა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ნამუშევრები წარმოდგენილი იყო საზღვარგარეთიდანაც.

ღონისძიებას ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, მოწვეული სტუმრები და კონკურსის მონაწილეები ესწრებოდნენ.