ბათუმში საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, ბათუმში, საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრო.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ელგუჯა ბერიშვილმა მიმართეს.

ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე, ოლიმპიურმა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონმა და პრიზიორმა სპორტსმენებმა საზეიმოდ აღმართეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დროშა. ასევე გაიმართა ოლიმპიური ფიცის დადების ცერემონია და შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოლიმპიური კომიტეტის წევრები, მწვრთნელები, ახალგაზრდა სპორტსმენები, სხვადასხვა რეგიონის დელეგაციები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ფესტივალში, სპორტის 17 სახეობაში, საქართველოს ყველა რეგიონიდან ერთმანეთს 1200-მდე სპორტსმენი შეეჯიბრება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტული ფედერაციების სახელით, სპორტის 10 სახეობაში, 14 მწვრთნელის ხელმძღვანელობით, 63 სპორტსმენი მონაწილეობს.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება.