აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიას აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს

პლენარულ სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

გიორგი ძაძამიამ დეპუტატებს სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამებისა და ქვეპროგრამების, სოციალური მნიშვნელობის, კულტურული და სპორტული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ისეთი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე, რომლებიც ახალგაზრდების აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებას, საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერას, პედაგოგების, დამსახურებული მეცნიერების, ხელოვანებისა და სპორტსმენების წახალისებას ისახავს მიზნად.

აღინიშნა, რომ სამინისტრო მუდმივად მხარს უჭერს შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ აქტივობებს, რომლებიც ორიენტირებულია აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებსა და ახალგაზრდებზე.

დეპუტატებმა მინისტრს მადლობა გადაუხადეს დეტალური და ამომწურავი პასუხებისთვის, დადებითად შეფასდა უწყების საქმიანობა, განსაკუთრებით აღინიშნა ,,აფხაზეთობის კვირეულის" წარმატებით განხორციელებაში განათლებისა და კულტურის სამინისტროს როლი.

სხდომას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე და მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე ესწრებოდნენ.