აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი Skillwill-ის დამფუძნებელს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, მინისტრის პირველ მოადგილე გური ბაქრაძესთან ერთად, Skillwill-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი მარიამიძეს შეხვდა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.

სამუშაო შეხვედრაზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის თანამედროვე, მოთხოვნად პროფესიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობაზე, ასევე მათი პროფესიული უნარებისა და პრაქტიკული კომპეტენციის ამაღლების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ციფრული ტექნოლოგიების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა პერსპექტიული მიმართულებების სწავლებაზე, რაც ახალგაზრდებს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში დაეხმარება.

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, ხელი შევუწყოთ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს, რომ მიიღონ ხარისხიანი განათლება, აიმაღლონ კომპეტენცია და გაიღრმაონ ცოდნა მათთვის აუცილებელი და პრაქტიკაში გამოსადეგი მიმართულებებით. მოხარულები ვართ, რომ „Skillwill-ის“ სახით ვხედავთ ძლიერ პარტნიორს, რომელიც მზად არის საკუთარი რესურსები და გამოცდილება ამ დიდ საქმეს მოახმაროს,“ — განაცხადა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროცესში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია.

,,Skillwill-ის“ კოლეჯი არის პირველი სრულად დისტანციური და ავტორიზებული სასწავლო პლატფორმა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო მომზადების/გადამზადების პროგრამებსა და კურსებს სთავაზობს.