აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე, სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროს ავთანდილ ძაგანიასთან ერთად, ხელვაჩაურში გამართულ იუნიფაიდ წოლჭიმსა და შტანგის ამოწევაში „შავი ზღვის თასის ღია გათამაშებას“ დაესწრო.
ჩემპიონატი ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების ორგანიზებით, საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის ეგიდითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით გაიმართა. იუნიფაიდ ძალისმიერი სპორტის პოპულარიზაციის მიზნით, შეჯიბრში მონაწილეობდნენ როგორც ტიპური განვითარების, ისე გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე სპორტსმენები, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები.
შეჯიბრი ინკლუზიური სპორტის განვითარების, თანასწორი შესაძლებლობების ხელშეწყობისა და სპორტის საშუალებით სოციალური ინტეგრაციის გაძლიერებას ემსახურება. საერთაშორისო ჩემპიონატში სპორტსმენები საქართველოს გარდა, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან იყვნენ ჩართულნი.
ღონისძიებას ქალაქ თბილისის მერიის, ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის, სპორტისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
