აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, მსოფლიო საპატრიარქოსთან თანამშრომლობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 14-24 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკაში, კუნძულ კინალიადაზე, აფხაზეთიდან დევნილი 11-15 წლის მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკი მოაწყო.
ბანაკში, აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებთან ერთად, მონაწილეობდნენ სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი ახალგაზრდებიც. საერთო ჯამში, პროგრამაში 20-მდე ეთნიკურად აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა ჩაერთო.
10 დღის განმავლობაში მონაწილეები ჩართულნი იყვნენ მრავალფეროვან კულტურულ-საგანმანათლებლო, შემეცნებით და გასართობ აქტივობებში. პროგრამის ფარგლებში მათთვის ასევე მოეწყო ექსკურსიები სტამბოლის ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებზე.
ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი. მათ ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს და მომავალ საქმიანობასა და სწავლაში წარმატებები უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო საპატრიარქოსთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო თურქეთის რესპუბლიკაში საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკის ორგანიზებას 2025 წლიდან ახორციელებს.






