აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე აბესალომ რამიშვილის სახელობის აფროსნობის ტრადიციული ტურნირის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
ტურნირის დაწყებამდე გური ბაქრაძემ მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან აფროსნობის ტრადიციის აღდგენისა და მისი შემდგომი განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სპორტსმენებს მრავალი წარმატებული ასპარეზობა და მნიშვნელოვანი გამარჯვება უსურვა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ქვეყნის მასშტაბით გამართულ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა ხუთი საიალქნო კლუბის აფროსნებმა მიიღეს - მათ შორის იყო აფროსანთა კლუბი „ცხუმი“.
ტურნირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აფროსნობის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა და აფროსნობის პოპულარიზაციას, ახალგაზრდა სპორტსმენების პროფესიული შესაძლებლობების განვითარებასა და საქართველოში საზღვაო სპორტის ტრადიციების გაგრძელებას ისახავს მიზნად.
ღონისძიებას აჭარის ა/რ აფროსნობის ფედერაციის პრეზიდენტი დომენტი აფაქიძე, აფროსანთა კლუბ „ცხუმის“ დირექტორი ვახტანგ ხაბურზანია, მწვრთნელები და სპორტის სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
