საზაფხულო საგანმანათლებლო ბანაკის მონაწილეებმა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი დაათვალიერეს

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ამჯერად საგანმანათლებლო-შემეცნებითი ბანაკი იმართება; აფხაზეთიდან დევნილი მონაწილეებისათვის არაერთი შემეცნებითი და კულტურული აქტივობა ეწყობა. მათ შორის იყო ვიზიტი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, სადაც მოზარდებმა ტექნოლოგიური მუზეუმი, საგანმანათლებლო, სამეწარმეო სივრცეები და თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები დაათვალიერეს.

 ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ბანაკის მონაწილეები აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს, გიორგი ჯინჭარაძეს, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრს, გიორგი ძაძამიასა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შეხვდნენ. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ, ასევე თავიანთი ინიციატივები და სურვილები გაეზიარებინათ.

 შეხვედრას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე იაკინთე ჩხარტიშვილი და პროგრამების მენეჯერი ანი კუდუხაშვილი, ბანაკის ლიდერები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

 აფხაზეთიდან დევნილი 35 მოზარდისათვის საგანმანათლებლო ბანაკში შექმნილია საინტერესო და მშვიდი გარემო, სადაც მონაწილეებს ცოდნის გაღრმავების, ახალი უნარების დაუფლების, თანატოლებთან დაახლოებისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების შესაძლებლობა აქვთ. პროგრამა საგანმანათლებლო, შემეცნებით, კულტურულ და გასართობ აქტივობებს მოიცავს.

 8 დღის განმავლობაში, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებლები ბავშვებს, არაფორმალური განათლების მეთოდებით, ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენის, ღირებულებით განათლებისა და სამოქალაქო ცნობიერების მიმართულებით გაკვეთილებს უტარებენ.

 სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიმართება შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც მონაწილეები მოწვეულ სტუმრებს ბანაკის ფარგლებში მომზადებულ მასალებსა და პრეზენტაციებს წარუდგენენ, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.