აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე საზაფხულო საგანმანათლებლო ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრო.
სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, ბანაკის 35-მა მონაწილემ შესწავლილი მასალები, პრეზენტაციები და შემოქმედებითი ნომრები წარადგინა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
საღამოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი, პროგრამების მენეჯერი ანი კუდუხაშვილი, ბანაკის ლიდერები და მასწავლებლები დაესწრნენ.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა აფხაზეთიდან დევნილ 35 მოზარდს 8 დღის განმავლობაში უმასპინძლა. ბანაკის ფარგლებში მონაწილეები ჩართული იყვნენ საგანმანათლებლო, შემეცნებით, კულტურულ და გასართობ აქტივობებში; გაიღრმავეს ცოდნა ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენის მიმართულებით; მოინახულეს გელათის ტაძარი, სათაფლიას მღვიმე, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი და სხვა ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები.
