აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთიდან დევნილ, 102 წლის შუშანა ბენდელიანს შეხვდა. მინისტრმა ქალბატონს ჯანმრთელობა უსურვა და საჩუქრად აკორდეონი გადასცა.
„ბედნიერი ვარ, რომ შევძელით 100 წელს გადაცილებული ქალბატონის გახარება. ვუსურვებ მხნეობასა და ჯანმრთელობას. უფალმა ინებოს, რომ მალე ეს აკორდეონი ქალბატონ შუშანას აფხაზეთში - გაერთიანებულ საქართველოში აეჟღერებინოს.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.
საჩუქარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს პროგრამის - „სოციალური სოლიდარობის“ ფარგლებში იქნა შეძენილი.
აღსანიშნავია, რომ მინისტრი დავით ფაცაცია შუშანა ბენდელიანს, პირველად ქალთა დღესასწაულების მილოცვისას შეხვდა. საუბრისას ქალბატონმა შუშანამ აღნიშნა, რომ მისი კუთვნილი მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელზეც ის ახალგაზრდობაში უკრავდა, 1990-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა. მოსმენილი ამბის შემდეგ მინისტრი მას ახალი აკორდეონის შეძენას დაჰპირდა.



