აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიასა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ თეონა ხუფენიასთან ერთად, უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ცენტრის გახსნა მიულოცა და მისასალმებელ სიტყვაში, სამშვიდობო პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით, აღნიშნული ინიციატივის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
სამშვიდობო სწავლების ცენტრი, უნივერსიტეტში არსებული ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ცენტრის ბაზაზე, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის ფარგლებში გაიხსნა. ფესტივალთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ეზოში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და არატრადიციული ენერგორესურსების შესახებ საგამოფენო და საინფორმაციო სივრცეები მოეწყო და საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, ქალაქ ზუგდიდის მერი დავით კოდუა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
სამშვიდობო სწავლების ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის, ურთიერთპატივისცემისა და სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას, სამშვიდობო განათლების მიღებას და ამისათვის უნივერსიტეტისა და სხვა აკადემიური რესურსების გაერთიანებას.
ცენტრის დაარსების ინიციატივა 2022 წელს გაჩნდა, როდესაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი სამშვიდობო ცენტრი გაიხსნა. წელს, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, აღნიშნულ ინიციატივას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდნენ.
