სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ციფრული ფესტივალის „ციფრული სოხუმი“ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. სპექტაკლისათვის „ხანძარი“ საუკეთესო მხატვრობის პრიზი თამარ ჭავჭანიძეს გადაეცა, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი ნინო ლეჟავა გახდა.
ფესტივალის დაჯილდოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ანა გიორგობიანი დაესწრო. ღონისძიებას გურჯაანის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა.
დასკვნით საღამოზე გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. ფესტივალის გრანპრის მფლობელი კი მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი „ხიდი“ გახდა.
დაჯილდოებას ადგილობრივი ხელისუფლების, კულტურის სამინისტროს, მონაწილე თეატრების წარმომადგენლები, მსახიობები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „ამბასადორი კაჭრეთის“ მხარდაჭერით განხორციელდა. წელს ხუთმა პარტნიორმა თეატრმა როგორც ციფრული პლატფორმებისთვის, ასევე ცოცხალი აუდიტორიის წინაშე ხუთი შერჩეული პიესა დადგა. სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა, ვალერი ოთხოზორიას პიესის მიხედვით, ლაშა შეროზიას რეჟისორობით სპექტაკლი ,,ხანძარი" წარადგინა.
