2026-10-15 |
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
გიორგი ძაძამიამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სამინისტროს პროგრამები გააცნო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამების შესახებ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილ აუდიტორიას ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებისა და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სტიპენდიები, წამახალისებელი პროგრამები და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები გააცნეს.
სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ, პროგრამების დახვეწისა და გაუმჯობესების მიმართულებით თავიანთი მოსაზრებები გაეზიარებინათ.
საინფორმაციო შეხვედრას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი, რექტორის მოადგილე რომეო გალდავა, უნივერსიტეტის პროფესორები და სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია სამინისტროს ვებგვერდზე .
