აფხაზეთიდან დევნილებს მხედველობის ლაზერული კორექცია სრულად დაუფინანსდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დევნილ მოქალაქეებს მხედველობის ლაზერული კორექცია სრულად დაუფინანსა. ბენეფიციარებს ოპერაცია კლინიკა „ახალ მზერაში“ პროფესორმა მერაბ დვალმა ჩაუტარა.

მხედველობის ლაზერული კორექციის მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი გაეცნო და ბენეფიციარებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაცია მიიღო. მისი თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი მიზანი, აფხაზეთიდან დევნილებისთვის მაღალი ხარისხის ოფთალმოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

„ჩვენი უწყებისთვის მნიშვნელოვანია, აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს მაღალი ხარისხის ოფთალმოლოგიურ სერვისებზე მუდმივი წვდომა ჰქონდეთ. მხედველობის ლაზერული კორექციის სრულად დაფინანსებით ვცდილობთ, შევამციროთ ფინანსური ბარიერი და დევნილებს ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესაძლებლობა გავუზარდოთ. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ პროგრამები ბენეფიციარების რეალურ საჭიროებებს პასუხობდეს“, - განაცხადა ბესიკ კუსიდმა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის „მხედველობის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მომსახურება“ ფარგლებში, 18-დან 40 წლამდე აფხაზეთიდან დევნილებისთვის კლინიკა „ახალ მზერაში“ მხედველობის საშუალო და მაღალი ხარისხის რეფრაქციული ანომალიების ექსიმერული ლაზერით კორექციაა შესაძლებელი. თანამედროვე ოფთალმოლოგიური მეთოდი ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის საკორექციოდ გამოიყენება.

პროგრამის ფარგლებში, მომსახურების სრული დაფინანსება მოიცავს არა მხოლოდ მხედველობის ლაზერულ კორექციას, არამედ ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციასა და აუცილებელ წინასაოპერაციო კვლევებს.