აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,ხარაგაულობა 2026“ მიულოცა. სახალხო დღესასწაული ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა.
ღონისძიების დაწყებამდე, მინისტრმა ხარაგაულის მერ კობა ლურსმანაშვილთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელ კობა კობალაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპული ხარაგაულელი გმირების მემორიალს პატივი მიაგო და თაიგულით შეამკო.
,,ხარაგაულობა 2026-ის“ საზეიმო აღნიშვნის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი საკუთარი ნობათით, ტრადიციებითა და კულტურული თავისებურებებით იყო წარმოდგენილი, ბავშვებისათვის მოწყობილი იყო გასართობი სივრცეები, დღის ბოლოს კი ქართული ხმების კონცერტი და საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა მიმართა. დაჯილდოების პროცესში მოწვეულმა სტუმრებმა, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ, მიიღო მონაწილეობა.
სახალხო დღესასწაულს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელოვანები, სპორტსმენები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
