9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წელი შესრულდა

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“ მიიღო.

საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, გამოაცხადა. ამ დღეს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, საყოველთაო რეფერენდუმის ერთადერთ შეკითხვას - „ხართ თუ არა თანახმა 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა“ - დადებითად უპასუხა.

1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, ვინაიდან 1989 წლის 9 აპრილს, დილის ოთხ საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მშვიდობიან მომიტინგეები, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, საბჭოთა არმიის სამხედრო შენაერთებმა დაარბიეს.

„საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“, ის უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტია, რომლის საფუძველზეც ცნო საქართველოს სუვერენიტეტი საერთაშორისო საზოგადოებრიობამ