აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის გურამ ყურაშვილის ხსოვნას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას  სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, საქართველოსა და აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი, გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატი გურამ ყურაშვილი.

ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, როცა გურამ ყურაშვილმა 1981 წელს აფხაზეთში, ქ. სოხუმში  მოზარდთა ინტერნაციონალური კაპელას ჩამოყალიბება იტვირთა. მის მიერ შექმნილმა კაპელამ კი 1981-1992 წლებში დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ევროპის არაერთ ქვეყნაში,  საერთაშორისო საგუნდო მუსიკის კონკურსების I ადგილისა და  გრან-პრის შეუცვლელი მფლობელი გახდა. ის მთელ საბჭოთა კავშირსა და ევროპაში აღიარებულ საკონცერტო გუნდად იქცა. ხოლო  გურამ ყურაშვილი, როგორც ქორმაისტერი, პარალელურად მასტერკლასებს მართავდა, რაც ქართული საგუნდო შემსრულებლობის იშვიათი გამარჯვება იყო.

1995 წლიდან გურამ ყურაშვილი არის ქ. მოსკოვში, სადაც რუსეთის კულტურის სამინისტროსთან ერთად ერთ-ერთი ფუძემდებელია ამერიკული საგუნდო და კვარტეტული მუსიკის ფესტივალისა „,ბარბერ-შოფ“. 1998-2004 წლებში ნორვეგიისა და შვეციის საგუნდო მუსიკის პროექტებში მონაწილეობს.

გურამ ყურაშვილი 2005 წლიდან აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მოწვევით ისევ საქართველოშია, ქ. თბილისში და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მმართველია. 2007 წელს კი ანსამბლის ბაზაზე ახალგაზრდა მომღერლებისაგან აყალიბებს კამერულ გუნდს, რომელიც მალე ევროპას ხიბლავს.

აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ 2008 წელს უნგრეთის ქ. დებრეცენში „ბელა-ბარტოკის სახელობის“ თანამედროვე საგუნდო პროფესიული მუსიკის კონკურსზე  III-ე ადგილი დაიკავა ევროპის მასშტაბით. 2012 წელს კი წარმატებით ჩაატარა საკონცერტო ტურნე ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში. ბარსელონას საერთაშორისო კონკურსზე „მონსერატის ოქროს ხმები“ გრან-პრის მფლობელი გახდა.

აგერ უკვე რამდენი წელია, რაც საქართველოს და თამამად შეიძლება ითქვას, უცხოეთის რამდენიმე ქვეყნის მსმენელი გულმოდგინედ ელის აფხაზეთის კაპელას კონცერტებს - მის მიერ შესრულებულ ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა საგუნდო მუსიკის  შედევრებს. ბოლო წლებში თბილისში  გამართული საგუნდო მუსიკის ფესტივალზე, ისევე როგორც ზოგადად, ბოლო პერიოდის ქართულ საგუნდო შემსრულებლობაში, აფხაზეთის საგუნდო კაპელა ერთ-ერთ მნიშვნელოვან, საინტერესო და სიახლეებით აღსავსე კოლექტივად აღიარეს, რისი მთავარი ფაქტორიც გურამ ყურაშვილის მაღალი პროფესიონალიზმი, საქმის უბადლო ცოდნა და მისადმი უაღრესად თავდადებული დამოკიდებულება იყო.

მაესტრო გურამ ყურაშვილს შარშან „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას 2015 წლის საკონცერტო პროგრამისათვის“ გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.  მან საკუთარი საქმით, პროფესიონალიზმით, ხელწერით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, აფხაზეთის და მთლიანად საქართველოს კულტურული ცხოვრების განვითარებაში, რისთვისაც ღირდა სიცოცხლე. თუმცა ძალიან სამწუხაროა და დასანანია, რომ ჯერ კიდევ ბევრი ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი. ნათელში იყოს მისი სული და მსუბუქი იყოს მისთვის მშობლიური მიწა.