27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი იმერეთის რეგიონში გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ, ხონის საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ ადგილობრივმა და დევნილმა მოსახლეობამ.
შემდეგ ვახტანგ ყოლბაია შეხვდა ხონის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს და ომის ვეტერანებს, რომლებთანაც არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
დასასრულ სტუმრებმა და მასპინძლებმა ხონის თეატრში სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის „თეთრი ტალღა“ მიერ წარმოდგენილი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ჰელადოსი“ იხილეს. სპექტაკლში გადმოცემულმა ამბებმა დამსწრეთ სოხუმის ნოსტალგია კიდევ უფრო გაუმძაფრა.