აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში თეატრმცოდნე ნათელა არველაძესთან შეხვედრა და მისი ორწიგნეულის - „მხოლოდ თეატრზე“ და „თეატრზე და არა მხოლოდ“ პრეზენტაცია გაიმართა.
ნათელა არველაძე არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გამოქვეყნებული აქვს ორასზე მეტი გამოკვლევა და სტატია სათეატრო ხელოვნების ფუნდამენტურ პრობლემებზე. ავტორია წიგნებისა: „სერგო ახმეტელი“, „მსახიობი, რეჟისორი, რეპეტიცია“, „თეატრმცოდნეობითი კვლევის ფორმები (სპექტაკლ „სამშობლოს“ შესწავლა-რეკონსტრუქციის მეთოდით)“, „თეატრის ისტორიის სწავლების საკითხისათვის“, „ცის ბინადარი ბერიკები“, „თეატრზე და არა მხოლოდ“, „ახმეტელები ასწლიან ომში“, „სასცენო მეტაფორა“, „მომავლის გადასარჩენად“, „მარადი ბერიკა“, „თეატრმცოდნეობის საფუძვლები“, „ის ორი განსაკუთრებული პიროვნება“, „რუსთაველის გამზირის შვილები“.
ნათელა არველაძის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისადმი მიძღვნილ რეცენზიებსაც ეთმობა. ის სოხუმის თეატრის გვერდით იდგა დევნილობამდე და დევნილობის შემდეგაც, ყოველ პრემიერაზე ჩადიოდა სოხუმში, წერდა რეცენზიებს და ხატავდა მსახიობების პორტრეტებს. ამდენად, მისი წიგნების პრეზენტაციის გამართვა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ-გალერეაში სიმბოლურიც იყო.
სწორედ ყოველივე ამისი ხაზგასმით გახსნა შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა. საღამოს უძღვებოდა პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე, რომელმაც ისაუბრა ნათელა არველაძის შემოქმედების მნიშვნელობაზე ქართული თეატრალური სამყაროსთვის და არა მხოლოდ. აღნიშნა, რომ მისი წერილები მაღალი პროფესიონალიზმითა და პირუთვნელობით გამოირჩევა.
ნათელა არველაძის სოხუმის თეატრთან განასაკუთრებულ ურთიერთობაზე ისაუბრეს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობებმა: მერაბ ყოლბაიამ, ვალერი არღვლიანმა, ლიანა მიქაშავიძემ, ლილი ხურითმა; მათ აღნიშნეს, რომ ნათელა არველაძის ყოველ რეცენზიას მათ შემოქმედებით ცხოვრებაში განსაკუთრული მნიშვნელობა ჰქონდა, ყოველთვის ყურადღებით ეცნობოდნენ მის თითოეულ შენიშვნას თუ შექებას და აუცილებლად შემდეგი თამაშის დროს ითვალისწინებდნენ. სიტყვით გამოვიდნენ ასევე სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღას“
დასასრულ, ნათელა არველაძემ გაიხსენა სოხუმის თეატრთან დაკავშირებული ამბები და მადლობა გადაიხადა გულთბილი მასპინძლობისთვის.