აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად!

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოცემული წიგნის - „მომავლისათვის მარადისობაში“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით გამოიცა. წიგნში აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების ბიოგრაფიები და მათი გმირობის ისტორიებია  მოთხრობილი.

წიგნები აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებსა და ოჯახის წევრებს დაურიგდათ. „საქართველო არასოდეს დაივიწყებს სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა სახელებს. მათი თავგანწირვა ოქროს ასოებით ჩაიწერება ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. მადლობა საქართველოს ერთიანობას შეწირულ გმირთა დედებს და ოჯახებს“, - ნათქვამი იყო მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის მეომართა კავშირი.

პრეზენტაციის დაწყებამდე შეკრებილმა სტუმრებმა  აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი  მიაგეს.

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგია, შვილმკვდარი დედები, მათი ოჯახის წევრები, აფხაზეთის ომის ვეტერანი  და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.