აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

„არტ-ფესტივალი 2017“ ისევ თავშეყრის იმედით დასრულდა

 

დასრულდა „არტ-ფესტივალი 2017“, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას არტ-გალერეაში პირველად გაიმართა. ფესტივალის მიზანი იყო სხვადასხვა თაობის და მიმდინარეობის მხატვრისთვის მოეყარა თავი ერთ საგამოფენო სივრცეში. გამოფენას დაეთმო როგორც დარბაზი, ასევე ღია სივრცე.


„არტ-ფესტივალზე“ 100-მდე მხატვრის ფერწერული, გრაფიკული, გამოყენებითი ხელოვნების და ქანდაკების ნიმუშები იყო ექსპონირებული. ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდში ხელოვნების მოყვარულები გაეცნენ და გაესაუბრნენ ცნობილ, მათთვის საყვარელ მხატვრებს, რომელთაც გაუზიარეს საკუთარი შთაბეჭდილებები და შესაძლებლობისამებრ შეიძინეს კიდეც მათი ნამუშევრები. ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ: მხატვრების - ამირან კუპრავასა და დავით ბაძაღუას სახელოსნო „2 ART“ და აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრი. ფესტივალზე შემოსული თანხის ნაწილი ვალერი არქანიას არტ-გალერეის განვითარებას მოხმარდება. დასასრულ მხატვრებმა და დამთვალიერებლებმა ამგვარი ფესტივალების ტრადიციად ქცევის სურვილი გამოთქვეს.


„არტ ფესტივალი“ სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მას უამრავი დამთვალიერებელი, გალერისტი, კრიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და მასმედიის წარმომადგენელი სტუმრობდა.


„არტ-ფესტივალით“ შექმნილი უჩვეულო დღესასწაული მხატვრებს და ხელოვნების მოყვარულებს მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ და სხვ.


„არტ-ფესტივალი 2017“ ისევ თავშეყრის დიდი სურვილითა და იმედით დასრულდა.