23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2014 წელს 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა.
წმინდა მოციქული სვიმონ მოშურნე-კანანელი 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი იყო.
მან ქრისტეს მოძღვრება ანდრია პირველწოდებულთან ერთად დასავლეთ საქართველოშიც იქადაგა, რის შემდეგაც წარმართთა მოსაქცევად აფხაზეთში დარჩა. წმინდა სვიმონი წარმართებმა ქვებით ჩაქოლეს. დაკრძალულია ანაკოფიაში, სოხუმთან ახლოს. შემდგომში ახალი ათონის მთაზე, მის საფლავზე, მონასტერი აშენდა.
პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და მრევლი დაესწრო.