კულტურის საერთაშორისო ცენტრ ,,მუზაში“ საზოგადოებრივ კავშირ ,,გაგრის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა

საზოგადოებრივმა კავშირმა ,,გაგრამ“, რომელიც დევნილობაში დაფუძნდა, ფუნქციონირება 2015 წლიდან განაახლა და უკვე არაერთი შეხვედრა და საღამო მოუწყო გაგრიდან დევნილ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის გაღრმავების, მათში მშობლიური ქალაქისადმი ინტერესისა და სიყვარულის განმტკიცებისათვის.
სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ გაგრიდან დევნილი, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, როგორც სრულიად ნორჩი, ასევე, უკვე წარმატებული, სამუსიკო და ქორეოგრაფიული ხელოვნების დარგში აღიარებული შემსრულებლები, რომელთა შორის აღსანიშნავია თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული, არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, შესანიშნავი სოპრანო მზია ჭილაძე, რომელიც ამ დღეებში, აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით, მონაწილეობას ღებულობდა იტალიის ქალაქ რივა დელ გარდაში მოწყობილ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში,
მაყურებელთა მოწონება და ოვაციები დაიმსახურეს ნიჭიერმა მომღერლებმა – მარიამ აკობიამ და ანა დვალმა, ნორჩმა მოცეკვავეებმა, მოზარდ მაყურებელთა ,,თეთრი ტალღის“ მსახიობებმა, დებმა ქეთი და ნინო ულუმბელაშვილებმა, ნორჩმა პიანისტმა ილია კივილაძემ, მევიოლინე ნინო ხოჭოლავამ.
კონცერტის დასასრულს, რომელიც გაგრის შესანიშნავი ვიდეო-ხედების, მისი თვალწარმტაცი ბუნების ჩვენების ფონზე მიმდინარეობდა, ახალგაზრდა შემსრულებლებმა ააჟღერეს ნინო სურგულაძის ცნობილი სიმღერა ,,აფხაზეთო, ჩემო“.
საღამო-კონცერტზე საზოგადოებრივ კავშირ ,,გაგრის“ გამგეობის წევრმა ივანე დოლიძემ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა და მადლობა გამოუცხადა გაგრიდან დევნილი საზოგადოების აქტიურ წევრებს, მათ შორის მათ, ვინც თავიანთი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ასახელეს აფხაზეთის ეს პატარა, მშვენიერი ქალაქი.
საღამოზე მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს კულტურის ცენტრის ფოიეში გამოფენილი, ნიჭიერი გაგრელი მხატვრის სალომე რიგვავას ფოტორეალისტური, ფიგურატულ სტილში შესრულებული ნახატები. აღსანიშნავია, რომ ამ უაღრესად ნიჭიერი ახალგაზრდა შემოქმედის მრავალი ნამუშევარი, საქართველოს გარდა, დაცულია ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, რუსეთის კერძო კოლექციებში.
საღამოს სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ცენტრის ფოიეში დაეთვალიერებინათ, აგრეთვე, ფოტოგამოფენა გაგრის ცნობილი ადამიანების შესახებ, გაცნობოდნენ გაგრაზე გამოცემულ წიგნებს.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა , აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და გაგრიდან დევნილები დაესწრნენ.