რემბრანდტის მშობლიურ ქალაქ ლეიდენში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა - „როდის? ჩემი ოცნება - ჩემი აფხაზეთი“ გაიხსნა
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ნიდერლანდების სამეფოს და რემბრანდტის მშობლიურ ქალაქ ლეიდენში, გალერეა „ზონეში“ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა „როდის? ჩემი ოცნება - ჩემი აფხაზეთი“ გაიხსნა. გამოფენაში აფხაზეთიდან დევნილი 21-დან 80 წლამდე ასაკის 22 მხატვარი მონაწილეობს და წარმოდგენილი ნამუშევრები მათ მიერ დანახულ სამყაროზე, ნოსტალგიაზე და მოლოდინზე მოგვითხრობს. გამოფენა 3 მაისამდე გასტანს და ის თავისი სათქმელით მსოფლიოს 65 მილიონი დევნილის საერთო ტკივილსა და საკუთარ სახლებში დაბრუნების ოცნებას ეხმიანება.
გამოფენის ორგანიზატორია ჩვენი თანამემულე, ფონდ „არტექოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დალი უბილავა-დე გრააფი, რომელიც ამ გამოფენასთან დაკავშირებით ამბობს: „აღსანიშნავია, რომ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების შემოქმედებაში განსაკუთრებით ძლიერ, წამყვან შემოქმედებით ხაზს „მე“-ს გადარჩენის იმპულსი წარმოადგენს. სწორედ ამით ცდილობენ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრები გასცდნენ კონფლიქტებით, ომებით, ტერორით თუ ბუნებრივი კატაკლიზმებით სავსე დროსა და სივრცეს, ხელოვნების ნიმუშები კი მრავალფეროვანი ემოციით, განწყობით და ფილოსოფიით შექმნან. ეს არის ის, რაც მათ ამ შემთხვევაში აერთიანებთ. თითოეული მხატვრის მიერ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმის ერთ სივრცეში მოქცევა გამოფენას ორიგინალურ და უნიკალურ სახეს აძლევს. გამოფენის მონაწილე სხვადასხვა თაობის დევნილი ხელოვანები დამთვალიერებლის წინაშე არა თითქოსდა მოსალოდნელი მძიმე თემებით, არამედ კონტრასტულად სხვა სამყაროდან, სხვა ენით საკუთარ „მეს“ წარმოაჩენენ“.
გამოფენის გახსნას დაესწრნენ და სიტყვებით გამოვიდნენ: მონიკ ვან სანდიკ (ლეიდენის ვიცე-მერი), კოტე სურგულაძე (საქართველოს ელჩი ჰოლანდიაში), ჰანს ჰორბახი (ჰოლანდიის ელჩი საქართველოში), ფრიც დაიკს (ჰოლანდიის ამნესტი ინტერნაციონალის წარმომადგენელი). გამოფენას ასევე ესწრებოდნენ მაღალი რანგის საპატიო სტუმრები: ლოტე ჰაიემა (ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი), ჰეიდიმარია გურერი (ავსტრიის ელჩი ჰოლანდიაში), მუტი მურდი (ესტონეთის კონსული ჰოლანდიაში), თამარ ღვინაძე (საქართველოს კონსული ჰოლანდიაში), ისტიაქ აჰმედი (ჰოლანდიაში კუვეიტის ელჩის პირველი მოადგილე).
გამოფენის მნიშვნელობასა და მასშტაბებს ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ მისი გახსნისთვის საგანგებოდ ჩამოვიდნენ სტუმრები ჰოლანდიის ქალაქებიდან: ამსტერდამიდან, ჰაარლემიდან, დელფტიდან, ჰააგიდან, მაასტრიხტიდან, ამერსფორტიდან, ენსხედედან, ესსენიდან, ზვოლედან.
გამოფენას აქტიურად გამოეხმაურა ქ. ლეიდენის მასმედიაც. დამთვალიერებლებმა რამდენიმე ნამუშევრის შეძენის სურვილი გამოთქვეს და გამოფენის დასრულების შემდეგ ის ნამუშევრები მათ კერძო კოლექციებს შეემატება.
გამოფენას აქტიურად გამოეხმაურა ჰოლანდიის მასმედიაც:
DE COUTUREKRANT, 12-05-2017
http://couturekrant.nl/…/4387-vluchtelingkunstenaars-expose…
UAF.NL , 26-05-2017
https://www.uaf.nl/…/tentoonstelling-wanneer-mijn-droom-mij…
LEIDSCH DAGBLAD, 31-05-2017
https://www.leidschdagblad.nl/…/expositie-met-kunst-van-vlu…