წყნეთში დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელშეწყობით  დაბა წყნეთში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

        გამოკვლევები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო კლინიკის“ წამყვანი სპეციალისტები. ამ დღეების განამავლობაში მოქალაქეებმა მიიღეს  ოჯახის ექიმის, ქირურგის, პედიატრის, დერმატოლოგის, ნევროლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის, უროლოგისა და ოტოლარინგოლოგის მომსახურება. აგრეთვე ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული და ულტრასინოსკოპიური გამოკვლევები.

    სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.

      გამოკვლევების პროცესის მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე ახორციელებდნენ.