შეხვედრა დაბა წყნეთში ორგანიზებულად განსახლებულ დევნილებთან

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია,  ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აღმოსავლეთ საქართველოში  აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე ამ უწყებების სხვა თანამშრომლებთან ერთად გასული იყვნენ დაბა წყნეთში განთავსებულ  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა ორგანიზებულ ჩასახლებებში: გურამიშვილის ქ.№2;  გურამიშვილის ქ. №18;  გურამიშვილის ქ. №31; სააკაძის ქ. № 22; შპს ,,წყნეთი”-ის ბაზის სასადილო;   გურამიშვილის ქუჩაზე საქჰიდროენერგომშენის №1 და №2 კორპუსი. ასევე აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ  ჯულიეტა კვარაცხელიას ოჯახში.

       სამუშაო ჯგუფი  ადგილზე გაეცნო დევნილთა საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობებს, მოისმინა იძულებით გადაადგილებულ პირთა ინფორმაციები სოციალურ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ და სხვა  პრობლემურ საკითხებზე.  დევნილებს განემარტათ ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამები,  ამ პროგრამებით და  ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესი”-თ  დადგენილ ფარგლებში  დახმარებით სარგებლობის მექანიზმები.