დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის წლევანდელი სტიპენდიანტები გამოვლინდნენ

სტიპენდიები, აფხაზეთის პრობლემატიკის პოპულარიზაციის მიზნით, 2016 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას ინიციატივით დაწესდა. დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები გამიზნულია პოლიტიკის მეცნიერების დარგის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, რომლებიც განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევიან და აფხაზეთის თემატიკაზე მუშაობენ. მათ ასევე მოეთხოვებათ მაღალი აკადემიური მოსწრება, სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა და საზოგადოებრივი აქტიურობა. 


სტიპენდიის ოდენობა მაგისტრატურის სტუდენტისათვის შეადგენს თვეში 150 ლარს, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში - 100/150 ლარს. სტიპენდიები მიეცემათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში. 


აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ უკვე შეაჯამა ამ სტიპენდიების მისაღებად შემოსული წლევანდელი წარდგინებები და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია მიანიჭა სტუდენტებს: დავით დოლიძეს - გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის ჟურნალისტიკის მე-3 კურსის სტუდენტს და თამარ ბარამიას - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტს; დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია კი მიანიჭა თამარ ჩითინაშვილს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მე-4 სემესტრის სტუდენტს და თეონა მჭედლიშვილს - კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლი საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს. 


საგულისხმოა, რომ სტუდენტებმა საინტერესო CV-ებთან ერთად აფხაზეთის პრობლემატიკაზე კვალიფიციურად შესრულებული ნაშრომები წარმოადგინეს, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო სტიპენდიების დაწესების მნიშვნელობა. 


ვახტანგ ყოლბაია დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის წლევანდელ სტიპენდიანტებს კონკურსში გამარჯვება ულოცავს და აღნიშნავს: „ქართველი ახალგაზრდები კარგად უნდა იცნობდნენ აფხაზეთის პრობლემატიკას, ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს სატკივარს, რომელიც გლობალური პოლიტიკის ნაწილიცაა. მათ ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ აფხაზეთის ისტორიაზე, მის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, გარდა ამისა, საკუთარი ხედვა უნდა გააჩნდეთ აფხაზეთის პრობლემის მოგვარების გზებზე. არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი და ჟიული შარტავა - ის აფხაზი და ქართველი მამულიშვილები იყვნენ, რომლებიც სხვადასხვა დროსა და ეპოქაში საქართველოს მთლიანობისთვის, ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის იბრძოდნენ. ეს იგივე სამართლიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის გამოხატულებაა, რაც ზოგადსაკაცობრიო იდეალებს ეხმიანება. ამდენად, არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ამ სტიპენდიების მოპოვების მსურველთა შორის აფხაზი ახალგაზრდებიც ვიხილოთ“.