მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ქ. მოსკოვში გარდაიცვალა ზურაბ სოტკილავა - ლირიკულ-დრამატული ტენორი, საქართველოს და სსრკ სახალხო არტისტი, შ. რუსთაველისა და ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ბოლონიის უძველესი სამუსიკო აკადემიის საპატიო წევრი. მომღერალს რამდენიმე დღეში საქართველოში ჩამოასვენებენ.
ზურაბ სოტკილავა დაიბადა 1937 წელს ქ. სოხუმში.
მან 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დავით ანდღულაძის ხელმძღვანელობით. ზურაბ სოტკილავა 1965-1974 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტია, 1966–1968 წლებში კი მილანის საოპერო თეატრ „ლა სკალაში“ ბელკანტოს საუკეთესო სპეციალისტებთან გადის სტაჟირებას.
წარმატებები და აღიარებები თავიდანვე დაებედა: მოსკოვში - პ. ჩაიკოვსკის, ესპანეთში - ფ. ვინიასის სახელობის საერთაშორისო კონკურსების, ბულგარეთში - ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალის „ოქროს ორფეოსის“ ლაურეატის წოდებებს მალევე მოსკოვის დიდი თეატრის წამყვანი სოლისტის ძნელად მოსაპოვებელი საპატიო სტატუსი მოჰყვა. შემდეგ იყო ევროპის, აზიისა და ამერიკის უამრავი სცენისა და საკონცერტო ესტრადის დაპყრობა.
„ხალასი ნიჭი, თანდაყოლილი საუცხოო ხმა, გულში ჩამწვდომი ლირიზმი, ქართული გენეტიკით ნასაზრდოები მგზნებარე ტემპერამენტი, ნაწარმოების არსში წვდომის დაუცხრომელი წადილი, ხმიერი აპარატის ჭეშმარიტი ღირსებები,“ - ასე ახასიათებენ ზურაბ სოტკილავას ვოკალურ-არტისტულ ბუნებას მუსიკისმცოდნეები.
ვრცელი და მრავალფეროვანი იყო ზურაბ სოტკილავას რეპერტუარი: იტალიური, რუსული, ავსტრიულ-გერმანული, ესპანური და სხვა საკომპოზიტორო სკოლების რჩეულ წარმომადგენელთა საოპერო თუ კამერული ნაწარმოებები, ფოლკლორული მუსიკის ნიმუშები და გამორჩეულად ქართული მუსიკა. იგი განსაკუთრებული ოსტატობით ქართულ ხალხურ (მეგრულ) სიმღერებს: „სისატურა“, „ასე ჩონგური“ და სხვა ასრულებდა. მის მიერ შესრულებული საოპერო პარტიებიდან აღსანიშნავია: აბესალომი - ზ. ფალიაშვილი, „აბესალომ და ეთერი“; არზაყანი - ო. თაქთაქიშვილი, „მთვარის მოტაცება“; მანრიკო, ოტელო, რიჩარდი, რადამესი, ჰერცოგი - ჯ. ვერდის ოპერებიდან: „ტრუბადური“, „ოტელო“, „ბალ–მასკარადი“, „აიდა“, „რიგოლეტო“; ხოზე - ჟ. ბიზე, „კარმენი“; კავარადოსი - ჯ. პუჩინი, „ტოსკა“ და სხვ.
ცალკე აღსანიშნავია ზურაბ სოტკილავას პედაგოგიური საქმიანობა. იგი 1987 წლიდან მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი იყო. მისი აღზრდილები მსოფლიოში წამყვანი საოპერო თეატრების სცენებზე მღერიან.
ზურაბ სოტკილავა ბოლომდე აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა. იგი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მართავდა გასტროლებს და პერიოდულად თბილისშიც ჩამოდიოდა. დარდად გაჰყვა სოხუმში, მშობლების საფლავთან ჩასვლის ოცნება.
დიდია ზურაბ სოტკილავას გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარება როგორც მუსიკალურ საზოგადოებაში ისე მომღერლის თაყვანისმცემლებს შორის.