მსახიობთა სახლში საქართველოს სახალხო არტისტის დიმიტრი ჯაიანის ბენეფისი გაიმართა

აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში საქართველოს სახალხო არტისტის დიმიტრი ჯაიანის ბენეფისი გაიმართა. ბენეფისი დიმიტრი ჯაიანის მიერ შესრულებული მეფე გიორგის მონოლოგით დაიწყო. მსახიობმა აღნიშნა, რომ როგორც თავის დროზე და ისე ახლაც, ამ მონოლოგით თავისი სათქმელიც გახაზა: „მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის... მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია". 


საღამოს მოწყობის იდეის ავტორი და რეჟისორი იყო საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გოგი ქავთარაძე.


დიმიტრი ჯაიანმა გაიხსენა თავისი პედაგოგები თუ კოლეგები, ქართული თეატრისთვის ძვირფასი სახელები. მან საკუთარ თავს ქუდბედიანი უწოდა, რადგან ბევრი მსახიობისთვის საოცნებო არაერთი როლის შესრულების პატივი და სიხარული არგუნა ბედმა.


ეკრანზე მსახიობის მიერ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე განსახიერებული საუკეთესო როლები გამოჩნდა სპექტაკლებიდან: „დიდოსტატის მარჯვენა“, „ბრძოლა ტახტისათვის“, „მარადისობის კანონი“, „ზღვა, რომელიც შორია“ და სხვ. 


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მაღალი შეფასება მისცა დიმიტრი ჯაიანის სამსახიობო ხელოვნებას, ასევე ისე მისი როგორც აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის წვლილს ამ სამინისტროს განახლებისა და აღორძინების გზაზე. ამ თვალსაზრისით ისაუბრა ასევე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან ღვინჯილიამ. სწორედ ანსამბლ „აფხაზეთის“ მიერ შესრულებული სიმღერების ფონზე წაიკითხა მსახიობმა დიდი ოსტატობითა და ემოციით ქართველი პოეტების - გალაკტიონის, შოთა ნიშნიანიძის, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, რეზო ამაშუკელისა და სხვათა ლექსები.

დიმიტრი ჯაიანმა, როგორც ყოველთვის, ახლაც განსაკუთრებული ემოციით წაიკითხა შოთა ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა" და მაყურებელთა ჩვეული ოვაციებიც დაიმსახურა. დიმიტრი ჯაიანი, როგორც აფხაზეთის დიდი გულშემატკივარი ამ ლექსს ხშირად კითხულობს სხვადასხვა სცენაზე, რითაც საქვეყნო თუ პირად სათქმელს გამოხატავს: „ო, საქართველოვ, ბევრი კარგი შვილის გამზრდელო, ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი, უაფხაზეთოდ"... ამიტომაც იხარჯება ყოველთვის ბოლომდე. ახლაც ასე იყო.


ამ საღამოზე ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდა სიტყვა, სიმღერა, პოეზია, რითაც დიმიტრი ჯაიანმა თავის გულშემატკივრებს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი საღამო მიუძღვნა..