სოხუმის დაცემა 27 სექტემბერს - ჯვართამაღლების - პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღეს დაემთხვა. ამ დღეს აფხაზეთის მოსახლეობა გოლგოთის გზას - დიდი ტანჯვისა და განსაცდელის გზას შეუდგა იმ იმედით, რომ „გოლგოთა და ჯვარცმა სიკვდილით არ დამთავრებულა, არამედ მას აღდგომა და ამაღლება მოჰყვა“. სწორედ ამ იმედითა და რწმენით სრულდება აფხაზეთის წართმევიდან 24 წელიც.
ამ იმედითა და რწმენით მივიდნენ წლევანდელ 27 სექტემბერსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან, რომელიც ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომელთაც მაისურებზე სიმბოლურად აფხაზეთის ქალაქების სახელები ეწერათ, ასევე ყვავილებით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.
შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ პატივი მიაგო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილისა და გენერალ-მაიორ გენო ადამიას საფლავებს.