აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის კვირეული მიმდინარეობს

აფხაზური ენის დღე 2007 წლიდან 27 ოქტომბერს აღინიშნება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად ამ დღეს წლეულსაც ტრადიციულად კვირეულის სახით ეხმაურება. აფხაზური ენისადმი მიძღვნილი კვირეული 2017 წლის 23 ოქტომბერს დაიწყო და 27 ოქტომბრამდე გასტანს. კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის ღონისძიება - კალიგრაფიის და მხატვრული კითხვის კონკურსები, გამოფენები და ა. შ. იმართება.

 აფხაზეთის  № 2 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის კვირეული საინტერესოდ და მრავალფეროვნად ტარდება.  თავდაპირველად ქართული ენისა (ლელა თოდუა) და აფხაზური ენის (დარეჯან თაყაიშვილი) პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად გამართეს დისკუსია თემაზე „ქართული და აფხაზური ლიტერატურული ნაწარმოებების შედარებითი ანალიზი“.  ქართული ენის პედაგოგმა ლელა თოდუამ ისაუბრა ქართველ მწერლებზე, რომელთა ნაწარმოებებში აღწერილია ქართულ-აფხაზური ტრადიციები (აკ. წერეთლის „გამზრდელი“, ლ. ქიაჩელის „ჰაკი აძბა“, კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“, შ. ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა“). ამავე დროს მოსწავლეებმა წაიკითხეს ვაჟა ფშაველას ლექსები აფხაზურ ენაზე. დისკუსიის დროს მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად იმსჯელეს ქართულ-აფხაზურ ნაწარმოებებში სხვადასხვა თემის მსგავსება-განსხვავებაზე.

„საუბრები აფხაზურ ფოლკლორზე“ – (აფხაზური ხალხური სიმღერებისა და საკრავების მაგალითზე) - ამ თემით გაგრძელდა აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლაში აფხაზური ენის კვირეული.  სკოლის მუსიკის პედაგოგმა ზურაბ კვერნაძემ ვრცლად ისაუბრა აფხაზური ფოლკლორის, აფხაზური ხალხური საკრავების მნიშვნელობაზე. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა აფხაზური ფოლკლორისა და აფხაზური ხალხური მუსიკალური საკრავების შექმნის ისტორიას. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და პედაგოგმა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა აფხაზური ხალხური სიმღერები შეასრულეს. გარდა ამისა, მოსწავლეებმა კვირეულის ფარგლებში აფხაზურ ენაზე შექმნეს საინტერესო კალიგრაფიული ნამუშევრები, რომელსაც 27 ოქტომბერს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში დასკვნით საღამოზე გამოფენენ.

 სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის კვირეული აფხაზური ენის სწავლების მნიშვნელობაზე საუბრით გაიხსნა. ეს სკოლა ერთ-ერთი იმათგანია, სადაც საშუალო საფეხურის მოსწავლეები აფხაზურ ენას ეუფლებიან. მათ კვირეულის ფარგლებში წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია - „ერთად ჟღერდეს ჩონგური და აფხიარცა“. კომპოზიცია მოიცავდა ქართველი პოეტების აფხაზეთისადმი მიძღვნილ ლექსებსა და სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის მონაწილეობით შესრულებულ აფხაზურ და ქართულ ცეკვებს. მათ ასევე აფხაზურ ენაზე დადგეს აკაკი წერეთლის "გამზრდელი".

 აფხაზური ენის კვირეული 27 ოქტომბერს დასრულდება. მოსწავლეები დიმიტრი გულიას ძეგლთან წაიკითხავენ ლექსებს აფხაზურ ენაზე. იმავე დღეს, 14.00.სთ ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში (უზნაძის ქ. 68) გაიმართება აფხაზეთის თემატიკისადმი მიძღვნილი, ასევე აფხაზურ ენაზე გამოცემული წიგნების გამოფენა, აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები კი წარმოადგენენ მუსიკალურ კომპოზიციას.