აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას ძეგლი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, პროფესორმა და აფხაზოლოგმა თეიმურაზ გვანცელაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. აქ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ითქვა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების აუცილებლობაზე.
აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიმიტრი გულიას ძეგლთან აფხაზურ ენაზე ლექსები წაიკითხეს. შემდეგ კი ყველამ ერთად გადაინაცვლა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, ვალერი არქანიას არტ გალერეაში, სადაც აფხაზეთის საჯარო სკოლებში გამართული აფხაზური ენის ტრადიციული კვირეულის დასკვნითი საღამო გაიმართა. საღამოს უძღვებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია. აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის თემატიკისადმი მიძღვნილი მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს.
დარბაზში კი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკაში დაცული აფხაზურ ენაზე გამოცემული წიგნების საინტერესო კოლექცია იყო გამოფენილი.