აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით  სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება.

 ამ პროგრამის ამოქმედების მიზნით, 27 ოქტომბერს, აფხაზური ენის დღეს,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

 შეთანხმების თანახმად, მხარეები, ერთიანი ძალისხმევით იზრუნებენ აფხაზური ენის დაცვის, შენარჩუნების, განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის. ხელს შეუწყობენ შესაბამის საკითხებზე მომუშავე ქართველი და აფხაზი სპეციალისტებისა და პროფესიული ჯგუფების თანამშრომლობასა და ორმხრივი ნდობის პროექტების განხორციელებას.

 მინისტრებმა თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს მხრიდან აფხაზურ ენაზე ზრუნვის კონსტიტუციურ ვალდებულებასა და პროექტის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას.

 პროექტის ფარგლებში, სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებს, მკვლევარებს, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ აფხაზური ენის შესწავლას, დაცვასა და განვითარებასთან დაკავშირებული ინიციატივები.

 მემორანდუმის ხელმოწერა განათლების და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა და მას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზური ენის კვლევით დაინტერესებული სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები.