აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები ფოტოობიექტივში

აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. სწორედ ამ თვალსაზრისით ახლახან დასრულდა სამინისტროს ქვეპროგრამა: ფოტოკონკურსი „აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“. ქვეპროგრამა სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა განახორციელა და გულისხმობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენილი კულტურული მემკვიდრეობის (ეკლესია, სასახლე, ხიდი, ციხე, კოშკი, საინჟინრო ნაგებობები და სხვა, ან მათი ნაშთები) ამსახველი ფოტომასალის მოპოვებას, ფირზე მათი ამჟამინდელი მდგომარეობის აღბეჭდვას, რათა ახალგაზრდები გაეცნონ აფხაზეთში არსებულ ჩვენს ისტორიულ-არქიტექტურულ მემკვიდრეობას.

კონკურსში მონაწილეობდნენ ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები და ამ საკითხით დაინტერესებული პირები, მიუხედავად მათი ასაკისა და მოქალაქეობისა. მათ შესაძლებლობისა და კონკურსის მოთხოვნების შესაბამისად, აფხაზეთის ა/რ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ფოტოზე აღბეჭდეს.

ფოტოკონკურსის ფარგლებში, სამინისტროში სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამოავლინა 2 გამარჯვებული, რომლებიც მობილური ტელეფონებით დაჯილდოვდნენ. ფოტოკონკურსის ფარგლებში შემოვიდა: ბედიის, ილორის, ბომბორისა და ბზიფის ეკლესიების ამსახველი ფოტომასალა, რომლის მიხედვით ამ ძეგლების რეალური მდგომარეობა გამოიკვეთა. კერძოდ, ბედიის ტაძარში ბაგრატ III ფრესკა სრულიად განადგურებულია. აგრეთვე, ამ მასალით დადგინდა, რომ სოფელ ბომბორაში არის ორი ეკლესია - X საუკუნის ეკლესია, რომლის ფოტოებიც ფოტოკონკურსის შედეგად მივიღეთ და ამავედროს არის XIX საუკუნის სხვა საეკლესიო ნაგებობაც.