დროშის აღმართვის დღის აღნიშვნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში დაასრულა

14 იანვარი დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეა. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო 2012 წლიდან 14 იანვარს დროშის დღეს აღნიშნავს. წლეულს ეს თარიღი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს რამდენიმე რეგიონში აღნიშნა და ბოლოს სენაკში განთავსებულ აფხაზეთის თემურ ბოკიჩავას სახელობის მეშვიდე საჯარო სკოლაში დაასრულა. სკოლის ეზოში დროშა აღმართეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, სოხუმელი თემურ ბოკუჩავას შვილმა, მე-4 კლასის მოსწავლემ ალექსი ბოკუჩავამ, მეუღლემ მაია ცეცხლაძემ და მასწავლებელმა ეკა სიჭინავამ. სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა ანსამბლმა „სენაკმა“. 


გიორგი მარგველაშვილმა დაათვალიერა სკოლის ბიბლიოთეკა, რომლის რეაბილიტაცია 2016 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს სკოლის სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.


ცერემონიალში მონაწილეობდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენელი ალიკა ჩიკვაიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩეველი რამინ საჯაია და სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.