აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს აფხაზეთის კულტურული ფასეულობების დაცვასა და პოპულარიზაციაზე ზრუნვა. ამ მიზნით სამინისტრო ახორციელებს „აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და პოპულარიზაციის პროგრამას“, რომლის ფარგლებშიც არაერთი ქვეპროგრამა ხორციელდება, მათ შორისაა ქვეპროგრამა - „სამეცნიერო კონფერენცია“, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კონფერენცია თემაზე: „კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე“.
სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, ქართული კულტურული ფასეულობების დაცვა არის ქვეყნის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულება, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი საფრთხე ექმნება კონფლიქტურ ტერიტორიებზე. შესაბამისად, აუცილებელი გახდა ამ მიმართულებით ფართო მსჯელობების დაწყება და გამოსავლის ძიება. კერძოდ, კონფერენციის მიზანია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე (მოძრავი და უძრავი) ინფორმაციის დამუშავება, მათი წარსულისა და ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ მსჯელობა და ნაშრომების შექმნის წახალისება.
სამეცნიერო კონფერენციის მასალები გამოიცემა და დაურიგდებათ ავტორებს, გავრცელდება სამეცნიერო წრეებში, დაეგზავნება საქართველოს მსხვილ ბიბლიოთეკებს, საუნივერსიტეტო და აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლების სამკითხველოებს.
ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 20 მაისი. მომხსენებლები მოახდენენ თავისი ნაშრომის პრეზენტაციას კონფერენციაზე, რომლის გამართვის ზუსტი თარიღი და ადგილი მონაწილეებს ეცნობებათ დამატებით.
სამეცნიერო კონფერენციის დებულება და კონკურსანტის სარეგისტრაციო ანკეტის ფორმა იხილეთ სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ბანერზე სამეცნიერო კონფერენცია: „კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე“. იხ: http://www.meca.gov.ge/page.php?LangID=ge&id=197