აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

15-16 მარტის ბრძოლები გუმისთასთან ქართველი მეომრების უდიდესი გმირობის მაგალითად დარჩა

1993 წლის 15-16 მარტს რუსეთის რეგულარულმა და სადესანტო ჯარებმა, ავიაციამ და ფლოტმა აფხაზ სეპარატისტებთან და დაქირავებულ ბოევიკებთან ერთად ქ. სოხუმზე ფართომასშტაბიანი იერიში წამოიწყეს. იერიში მიმდინარეობდა ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან. ქართველმა მეომრებმა ენით აუწერელი სიმამაცე და ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს და რუსეთის გენშტაბში დაგეგმილი სოხუმის აღების ოპერაცია მამაცურად მოიგერიეს. მათ მოწინააღმდეგეს უმძიმესი მარცხი მიაყენეს და უკან დაახევინეს. მაშინ სოხუმი და, მთლიანად, აფხაზეთი გადარჩა. ეს იყო საქართველოს უდიდესი გმირობის მაგალითი საქართველოს უახლეს ისტორიაში. 


გადამწყვეტი როლი ამ ბრძოლაში ქართულმა არტილერიამ შეასრულა, რის გამოც 15 მარტი ქართული არტილერიის დღედ გამოცხადდა.

დღეს 15-16 მარტს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ომის ვეტერანებმა და დევნილმა საზოგადოებამ. შემდეგ მათ ყვავილებით შეამკეს სკულპტურული მემორიალი „საქართველოსთვის“. მემორიალთან ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამშობლოსათვის თავდადებული გმირების ხსოვნის პატივსაცემად ქართულ და აფხაზურ ენებზე ლექსები წაიკითხეს.