ქეთევან ბაკარაძე – ზუგდიდის პოლიკლინიკიდან გათავისუფლებული ექიმები სამსახურში აღადგინეს

იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკიდან 2018 წლის იანვარში გათავისუფლებული ექიმები სამსახურში აღადგინეს.

ექიმების სამსახურში აღდგენის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე.

როგორც ქეთევან ბაკარაძემ განაცხადა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის,ვახტანგ ყოლბაიას  დავალების შესაბამისად, სამინისტროს მიერ ადგილზე იქნა შესწავლილი საკითხი.  როგორც აღმოჩნდა, იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკიდან თანამშრომელთა გათავისუფლებას გარკვეული სამართლებრივი საფუძვლები ჰქონდა, თუმცა გათავისუფლების პროცესი ხარვეზებით წარიმართა. ამდენად, მიზანშეწონილად ჩაითვალა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით.