აფხაზეთის მთავრობასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა დასაზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ მოაწერეს ხელი.

   მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მაღალი სოციალური მნიშვნელობის მქონე დაავადებებზე სკრინინგული გამოკვლევების პროცესებში ეროვნული ცენტრის ჩართულობის გაღრმავებას, მათ შორის – C ჰეპატიტსა და შიდსზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გასვლითი მრავალპროფილური სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვების აქციებში ეროვნული ცენტრის სპეციალისტთა მონაწილეობას. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის ობიექტებისა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნობრივ ღონისძიებებში ეროვნული ცენტრის მონაწილეობას.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები, მინისტრ ქეთევან ბაკარაძესთან ერთად ესწრებოდნენ.