აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

9 აპრილი საქართველოს ისტორიისთვის ორ უმნიშვნელოვანეს მოვლენას აერთიანებს

9 აპრილს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავე დროს, ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.


9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც ქართული სულის გამოღვიძების, თავისუფლებისა და თავგანწირვის სიმბოლო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ, მათ შორის აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ და მინისტრის მოადგილეებმა როლანდ ნიჟარაძემ და ჯაბა ჯაიანმა რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.


29 წლის წინათ მთავრობის სასახლის წინ რამდენიმე დღის განმავლობაში ათიათასობით ადამიანი კომუნისტური სისტემის წინააღმდეგ და საქართველოს თავისუფლების მოთხოვნით გამოდიოდა. მთავრობასა და ეროვნულ მოძრაობას შორის მდგომარეობა თანდათან უკიდურესად დაიძაბა.
1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლა დაიწყეს. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა მომწამლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები გამოიყენა. მანიფესტაციის დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 14 ქალი იყო, ერთი მათგანი - ორსული, იყვნენ დაჭრილებიც, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოწამლულებიც. 


1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამ შეუქცევადი სახე მიიღო. 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, ერთიანი საქართველოს მასშტაბით რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც ამომრჩევლის 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა ქვეყნის დამოუკიდებლობას მისცა ხმა.


1991 წლის 9 აპრილს კი საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა და „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“ მიიღო.